ბიძინა ივანიშვილი მეუბნებოდა, შევეშვათ ანაკლიას, რა უნდა შავ ზღვაში ამერიკელებსო - მამუკა ხაზარაძე 

16 ოქტომბერი 2019, 10:59 469 ნახვა

საზოგადოება "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ, "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს 2017 წელს არ სურდა ანაკლიის პორტის მშენებლობა და ხაზარაძეს სთხოვდა, შეშვებოდა ამ პროექტს. 

"არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი 2017 წელს, სულ ვაყენებდი ბიძინა ივანიშვილს საქმის კურსში და მას შევხვდი რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ, მითხრა, რომ შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაშიო. მეგონა რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე... " - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ დაუჭირა მხარი ამ პროექტს, რომ კვირიკაშვილის პოზიციები გაემაგრებინა.   "მითხრა, მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, გიორგი კვირიკაშვილი გამაგრებულიყო პრემიერად, რომ დავნიშნეო, რაღაც სალაპარაკო გვქონოდა ხალხთანო. ვფიქრობდი, სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო, მაგრამ ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო. ვკითხე, ხალხს რა ვუთხრათ-მეთქი, მიპასუხა, ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო" - იხსენებს მამუკა ხაზარაძე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ღიად უჭერს მხარს დასავლელი პარტნიორები.  აშშ-ს ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ კი თქვა, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგვარი ტესტია.    "თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა" - თქვა მეთიუ ბრაიზამ IWPR- ს ინტერვიუს დროს. 

მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს სტრატეგიული მნიშვნელობისაა ქვეყნისთვის, ის საქართველოსთვის მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას იძლევა და როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ხელოვნურად ჩაგდების შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ გაზაფხულზე განაცხადა. თიბისი ბანკის დამფუძნებელი თქმით, რომ პროექტის ჩავარდნით ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება არის დაინტერესებული, ამიტომ მის წინააღმდეგ 11 წლის წინ მომხდარი ფაქტის გამო საქმე აღიძრა, რომლითაც თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრებას ედავებიან. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი თიბისი ბანკის დამფუძნებლებისა და ამერიკული კომპანიის ერთობლიობას წარმოადგენდა, რომლებსაც უნდა აეშენებინათ ანაკლიის პორტი. 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა კონტი–ჯგუფმა (Conti International LLC) ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დატოვა. 

ამერიკულ კომპანიაში თქვეს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და „კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს“.

სახელმწიფოს პირველი პირები კი აცხადებენ, რომ მათთვის ანაკლიის პროექტის განხორციელება უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ პორტის მშენებლობა დასრულდეს.  კონსერციუმს პროექტის განხორციელებისთვის 2019  წლის ბოლომდე მიეცა ვადა

რუსეთს აქვს კონკრეტული მიზანი და გეგმა, საქართველოს ხელისუფლება კი დროულად უნდა ჩამოყალიბდეს - დაახლოებით ასეთია ექსპერტების შეფასებები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში