„ევრონესტის“ განცხადება და შალვა პაპუაშვილის პასუხი. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია „ევრონესტის“ შემდგომ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ამის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარე ასახელებს, რომ „ევრონესტი“ უგულებელყოფს საქართველოს მოსახლეობის ნებას და საკუთარი შეხედულებისამებრ აუქმებს მისი წევრი ქვეყნის არჩევნებს და დემოკრატიულ ინსტიტუტებს.
ამასთან, განცხადების თანახმად, პაპუაშვილი მოუწოდებს ევროპარლამენტს, უარი თქვას ვიწროპოლიტიკურ დღის წესრიგზე და პატივი სცეს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.
პარლამენტის თავმჯდომარე ამ განცხადებით „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა. მათ შორის ნათქვამია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბერს გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები, 28 ნოემბერს კი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადავადდა, რასაც ასევე ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის განხორციელება მოჰყვა.
რეზოლუციაში წერია ისიც, რომ იქ, სადაც რუსეთი სამხედრო გზით არ ერევა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ცდილობს და საქართველო ამის საუკეთესო მაგალითია.