ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს

13 დეკემბერი 2025, 12:13 136 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, 8-12 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 45-ე სხდომა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომის მონაწილეებმა ბიუროს და კომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს. კარლო ამირგულაშვილი ბიუროს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე 2021 წლიდან მუშაობდა.

„ბერნის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებაა. შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოს აქტიურ წარმოჩენას ევროპის კავშირის სტრუქტურებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ეფექტიან შესრულებას, საქართველოში კონვენციის დანერგვასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.

 

მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ზურმუხტის ქსელი შეიქმნა. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში, ზურმუხტის ქსელის ფართობი 1 307 501 ჰექტარს შეადგენს და 66 ტერიტორიისგან შედგება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმების შემუშავება“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი