ანაკლიის კონსორციუმს 2019 წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ ვადას,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
მინისტრის თქმით, 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმმა ვალდებულება ნაწილობრივადაც არ შეასრულა და ასევე დოკუმენტაციის წარმოდგენაზე უარი თქვა.
„მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება გვაძლევს სრულ უფლებას, დღესვე მოვშალოთ ის, იმის გათვალისწინებით, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეასრულა ვერც საკუთარი კაპიტალის მოპოვების ვალდებულება და ვერც ბანკებთან წინასწარი შეთანხმების წარმოდგენის ვალდებულება, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროექტი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რომ ჩვენ არც ერთ ოპონენტს, მათ შორის ვერც კონსორციუმს და ვერც პოლიტიკურ ოპოზიციას, ვერ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მთავრობას დააბრალონ რაიმე სახის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამ პროექტის განხორციელებაში, ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს თავისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე საერთაშორისო ბანკებიდან 400-მილიონიანი სესხი" - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა