ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი 4 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს 2025 წლის გაფართოების პაკეტს წარუდგენს.
აღნიშნულ საკითხზე გაიმართება დებატებიც, რომელიც ფოკუსირებული იქნება კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე. მათ შორის სავარაუდოდ საუბარი იქნება საქართველოსთან დაკავშირებითაც, რადგან რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ 4 ნოემბერს საქართველოს საკითხზე გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება.
დიპლომატის განცხადებით, ეს იქნება დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ეს ქვეყნის სწრაფვას გახდეს ევროკავშირის წევრი.