"ევრონესტის" საპარლამენტო პლატფორმაში მონაწილეობაზე „ქართული ოცნების" უარი პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მმართველ გუნდში, მიაჩნიათ, რომ ვერ დაესწრებიან ისეთ ღონისძიებას სადაც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაა.
ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის პატივისცემა აქვს, ანალოგიურად მოიქცეოდა. გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ორი დღის წინ გაავრცელა.
მასში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტმა "ევრონესტის" პლატფორმა მეზობელ ქვეყნებზე შანტაჟის, საკუთარი ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგის იძულებით თავსმოხვევის იარაღად გადააქცია და საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს.