რატომ წყდება ქობულეთის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ნაადრევად?

29 ივნისი 2022, 11:17 7358 ნახვა

3 კვირით ადრე შეწყვეტილი სააღმზრდელო პროცესი ქობულეთის ბაღებში.  20 ივლისის ნაცვლად, პროცესი 1 ივლისს შეჩერდება.   მერიის გადაწყვეტილება მშობლების პროტესტის მიზეზი გახდა. გვითხრეს, რომ  გასულ წლებში ბაღებში საზაფხულო არდადეგები  ივლისის მესამე კვირაში იწყებოდა და გამონაკლისი ამ მხრივ მხოლოდ პანდემიის ორი წელი იყო. ითხოვენ მერიამ  მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში მათ სამსახურებში პრობლემები ექმნებათ.

ამასთან მათთვის მიუღებელი და გაუგებარია მიზეზები, რომლებიც მათ ბაღების ადმინისტრაციამ დაუსახელა. მშობლების ნაწილმა ისიც გვითხრა, რომ ბაღების ადმინისტრაციამ ისინი, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამენ კერძო ბაღებში გადაამისამართა. ეს კი როგორც გვითხრეს, მიუღებელ დამოკიდებულებასთან ერთად  მათ დამატებითი ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს. 

მშობლების პრეტენზიას ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პასუხობს.  ია ხალვაშმა გვითხრა, რომ პოზიცია  ქობულეთის მერთან შეაჯერა. რაც შეეხება მშობლების პრეტენზიას, აცხადებს, რომ  მათ   სურვილებს ვერ მოერგებიან.  რაც შეეხება მიზეზებს თუ რატომ იწყება 20 დღით ადრე საზაფხულო არდადეგები, მიზეზად ჩუტყვავილის ინფექციის გავრცელებას ასახელებს.

აქვე გეტყვით , რომ ქობულეთის საბავშვო ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი 7 მილიონი ლარია. ჩვენ დავინტერესდით მერის პოზიციითაც. პრესსამსახურში სატელევიზო კომენტარზე უარს ამბობენ.  გვითხრეს,  რომ განმარტებებს მხოლოდ  წერილობით  გააკეთებენ.  

გადავამოწმეთ ინფორმაცია მაღალმთიან აჭარაში, სადაც დაგვიდასტურეს, რომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ივლისის მეორე ნახევარში შეწყდება, მაღალი გამოცხადების  შემთხვევაში კი პროცესს გააგრძელებენ. 

ასევე კიდევ რამდენიმე კვირა  იმუშავებენ ბაღები ბათუმშიც. აქვე გეტყვით, რომ ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, სადაც გვითხრეს, რომ აჭარაში ჩუტყვავილას მხრივ ეპიდვითარება მშვიდია და, რომ მხოლოდ სეზონისთვის დამახასიათებელი შემთხვევები დაფიქსირდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი