რუსეთი უკრაინაში აქტიურ საომარ მოქმედებებს ისევ აგრძელებს

22 ივნისი 2022, 10:31 161 ნახვა

რუსეთი უკრაინაში აქტიურ საომარ მოქმედებებს ისევ აგრძელებს. ომის დაწყებიდან თითქმის ოთხი თვის თავზე  რუსულ აგრესიას 324 ბავშვი შეეწირა, 592-ზე მეტი კი  დაშავებულია.

ომის 119-ე დღეს  15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა წლის ბავშვი ხარკოვის ოლქში, დაშავებულია 16 მშვიდობიანი მოქალაქე. 4 ადამიანი დაშავდა სუმის ოლქში რუსული სამხედრო დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინიზე შეტევისას დარტყმა მიაყენეს რუსეთის სამხედრო ძალების საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირ“-ს, რადიოლოკაციურ სადგურს და საავტომობილო ტექნიკას.  ახლა მძიმე ბრძოლები დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით მიმდინარეობს. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიური ანგარიშში ნათქვამია, რომ  დაბომბვა გრძელდება  სევეროდონეცკის ალყაში მოსაქცევად ჩრდილოეთით იზიუმისა და  სამხრეთით პოპასნას გავლით. უწყებაში ვარაუდობენ, რომ  რუსეთი დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო ქვედანაყოფების გადასასროლად ემზადება.

სადაზვერვო ანგარიშში დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის მონაცემებზე   დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ 16 ივნისის მდგომარეობით, დაიღუპა 2 128 და დაიჭრა 8 897  რუსი სამხედრო. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგი უკრაინასთან ომში 34  ათას 230 სამხედროა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში