ომის 107-ე დღე

10 ივნისი 2022, 10:03 732 ნახვა

ომის 107-ე დღე და ვითარება უკრაინაში. „ხერსონში,  მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტია, მარიუპოლი კი ქოლერის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა. ქოლერის ცალკეული შემთხვევები მაისიდან ფიქსირდება“ - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის უწყება იტყობინება. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების 20-ზე მეტი დასახლება დაბომბეს. განადგურებულია 60 შენობა, მათ შორის 49 საცხოვრებელი სახლი და რკინიგზის სადგური. თავდასხმებს 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოკუპანტების შეტევა განხორციელდა ხარკოვის ოლქში, დაიღუპა 5 მშვიდობიანი მოქალაქე, დაშავდა 14. რუსმა სამხედროებმა საჰაერო დაბომბვები განახორციელეს დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფლებზე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ჟიტომირის ოლქზეც. რუსული ძალები კვლავ შტურმით უტევენ სევეროდონეცკს.

ოკუპანტებმა გაანადგურეს ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო - ყინულის სასახლე. უკრაინა ბრძოლებში ყოველდღიურად 100-დან 200-მდე სამხედროს კარგავს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით,  უკრაინამ უკვე ფაქტობრივად ამოწურა რუსული და საბჭოთა წარმოების საბრძოლო მასალის მარაგი და მხოლოდ დასავლეთის დახმარებაზეა დამოკიდებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი