მარიუპოლში სასმელი წყლის კრიზისია

05 ივნისი 2022, 15:10 738 ნახვა

მარიუპოლში ვითარება კრიტიკულად მძიმეა. ქალაქში მოსახლეობას სასმელი წყლის მისაღებად, 2 დღიან რიგში უწევთ დგომა.  ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის  მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს. მისი თქმით, ზაფხულის სიცხის გამო, სასმელი წყლის მარაგის შემდგომ შემცირებასაც პროგნოზირებენ.

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს თქმით, რუსებმა რეგიონში რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის, სულ მცირე, 43 ძეგლი დააზიანეს ან გაანადგურეს. გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინის დედაქალაქში. ინფორმაციას დედაქალაქის მერი ავრცელებს.

კიევზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.  რუსულმა ძალებმა გვიან ღამით ავიაიერიში მიიტანეს დონეცკზე, რის შედეგადაც გადარიცვალა 5 და დაშავდა 20-მდე ადამიანი. გარდა ამისა, დაიბომბა კრამატორსკიც, როგორც ქალაქის მერი ალექსანდრე გონჩარენკო იუწყება,  დაზიანდა  ორი სამრეწველო საწარმო.

რაც შეეხება დონეცკის ოლქს - ქალაქ დრუჟოვკას დაბომბვას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი იუწყება, ქვეყნის ტერიტორიის ნახევარი მაინც, ანუ დაახლოებით 300 000 კვადრატული კილომეტრი, რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად დანაღმულია. მისი თქმით ქვეყნის ტერიტორიის სრულ განაღმვას 5-დან 10 წლამდე მაინც დასჭირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში