რუსეთის ომის  73-ე დღე 

07 მაისი 2022, 15:09 1208 ნახვა

ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში ახლა სარდაფებში 500-მდე ადამიანია, რომლებსაც ოკუპანტები აწამებენ - ამის შესახებ ინფორმაციას ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი თამილა ტაშევა ავრცელებს. მისივე თქმით, ოკუპანტები ისეთივე სცენარით მოქმედებენ, როგორც 2014 წელს, ყირიმის დაპყრობისას.

რუსეთი ხერსონის ანექსიისთვის ემზადება. ოკუპანტები ისევ ბომბავენ ხარკოვს, სარაკეტო შეტევა განახორციელეს კრანსოგრადის დასახლებაზე, ამასთან ხარკოვის რაიონში ერთ-ერთი სოფლის მუზეუმი მთლიანად განადგურდა. ოდესის რეგიონის გუბერნატორის მაქსიმ მარჩენკოს ინფორმაციით, ოდესის გარეუბნებში რუსულმა ძალებმა 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა კერძო ავტომობილების კოლონა დაცხრილეს, რომლითაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, აღმოჩენილია 4 დამწვარი ადამიანის ცხედარი.  ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურა ავრცელებს. ამ დროისთვის იბომბება სოფელი ზოლოვიჩი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები თემის მაცხოვრებლებს მოუწოდებენ სასწრაფოდ იპოვონ თავშესაფარი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ბოლო ინფორმაციით, რუსული ძალები აგრძელებენ შეტევას აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყარონ კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, რათა შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი ოკუპირებულ ყირიმთან. მათივე ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში მდებარე 5 დასახლებულ პუნქტზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაიბრუნა. რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 223 ბავშვის სიცოცხლე შეიწირეს, აღნიშნულია უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ანგარიშში. მათივე ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი საბოლოო არ არის.

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 200-ზე მეტი სახლია დაზიანებული. გარდა ამისა, შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბაიდენის მიერ გამოცხადებული უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების უახლესი პაკეტი, 150 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

ბლინკენმა აქვე განმარტა, რომ აშშ-ის უახლესი 150 მილიონიანი პაკეტით ვაშინგტონის სამხედრო დახმარებამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროიდან, ჯამურად 3,8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში