ომის 65-ე დღე უკრაინაში

29 აპრილი 2022, 11:01 1160 ნახვა

სარაკეტო იერიშები უკრაინის დედაქალაქზე. არიან დაშავებულები.   

რუსებმა ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს  იმ დროს, როცა კიევში ვიზიტით იმყოფებოდა გაეროს გენერალური მდივანი. დღეს რუსმა ოკუპანტებმა ავიაიერიში მიიტანეს ხმელნიცკის ოლქზე, ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი სერგეი გამალი ავრცელებს. მისი თქმით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

ლუგანსკის რეგიონული ადმინისტრაციის უფროსის სერგეი გაიდაის ინფორმაციით,  რუსებმა 10-ჯერ დაბომბეს ლუგანსკის ოლქი, მიმდინარეობს ბრძოლა ქალაქ ორეხოვოსთვის. ამასთან დაამატა, რომ მტრის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა ასევე სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, გორსოკე და პოპასნაია. თითოეულ ამ ქალაქში გაანადგურეს საცხოვრებელი სახლები. დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტებმა გრადებით დაბომბეს ორი დასახლებული პუნქტი, დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მარიუპოლის ტერიტორიიდან „აზოვსტალის“ ქარხნიდან  მშვიდობიანი მოსახლეობის  ევაკუაცია დღეს იგეგმება, ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გაკეთდა,  პროცესის შესახებ სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. 

რაც შეეხება ოკუპანტების იერიშის შედეგს ქალაქ ხარკოვში, დღევანდელი მონაცემებით ქალაქში  2 ათას 583 სახლი და 420 ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა. ასევე 108 სკოლა და 95  საბავშვო  ბაღი.

მერის თქმით, ქალაქის საავადმყოფოებში დაშავებულ მოქალაქეებთან ერთად 95 ბავშვი გადის მკურნალობას. ამასთან აშშ-ის  თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის ჯონ კირბის თქმით, რუსეთმა მარიუპოლიდან ჯარების ნაწილი გაიყვანა, სამხედროები ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდებიან, იმის მიუხედავად, რომ შავი ზღვის პორტში ბრძოლები გრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი