უკრაინის არაერთ ქალაქში, მათ შორის ხარკოვში, გვიან ღამით ძლიერი აფეთქებები იყო. კიევის ოლქის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, რუსული აგრესიის შედეგად, აღმოჩენილია დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის 720-ზე მეტი ცხედარი, 200-ზე მეტი კი კვლავ დაკარგულად ითვლება.
რაც შეეხება მარიუპოლს - ალყაში მოქცეული ქალაქის მერის ინფორმაციით, ქალაქში დაახლოებით, 21 000 ადამიანია დაღუპული, თუმცა ქუჩაში მიმდინარე ბრძოლების გამო, ისინი იძულებული გახდნენ, ცხედრების დათვლა შეეწყვიტათ. ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ ცხედრები ქუჩებიდან ქრება და ამაზე პასუხისმგებლობა რუსულ ძალებს ეკისრება.
უკრაინის ომბუდსმენის მონაცემებით, კი რუსეთმა მარიუპოლის 33 000 მცხოვრები რუსეთში ან აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იძულებით გადაიყვანეს.
უკრაინის "ჟურნალისტთა ეროვნული კავშირი" ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ მცირე 20 ჟურნალისტის მკვლელობის შესახებ იუწყება. მონაცემებს ადასტურებს ქვეყნის გენერალური პროკურატურა.
უკრაინაში რუსი ოკუპანტების მიერ გაუპატიურების ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონები, ბავშვები და ჩვილიც კი, იდენტიფიცირებულია 1 წლის ბავშვზე მოძალადე პირი - რუსი ჯარისკაცი ბიჩკოვი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლატვიის პარლამენტისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, მან თანამებრძოლებს ვიდეო გაუგზავნა, რომელშიც ძალადობის მომენტია გადაღებული.