2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო, - ნათქვამია ევროპარლამენტის ანგარიშში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ საკუთარ არსს, დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას. სუბარია ასევე საქართველოში არსებულ მედია გარემოზეც და აღნიშნულია, რომ მედიის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ მედია გარემო პლურალისტურია, მედიის პოლარიზაცია პოლიტიკური კრიზისის პარალელურად გაიზარდა.
სამუშაო გარემო, რომელშიც ჟურნალისტები მუშაობენ საქართველოში, უფრო რთული გახდა მედიის მუშაობაში პოლიტიკური ჩარევის, ასევე ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების გამო.
შეფასების თანახმად, 2020 წლიდან საქართველო მუდმივად ასრულებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ძირითად მოთხოვნებს და ეფექტურად თანამშრომლობს ევროკავშირის სტრუქტურებსა და წევრ ქვეყნებთან კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.