თუ პოლონეთი უკრაინაში მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება - ლავროვი 

23 მარტი 2022, 13:52 630 ნახვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თუ ნატო უკრაინაში თავის მშვიდობისმყოფელებს გაგზავნის, ეს იქნება პირდაპირი შეტაკება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებსა და ალიანსს შორის.

სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ შუამავლის როლის შესრულებას, მაგრამ რუსეთს აქვს მკაფიო წითელი ხაზები.

„ჩვენმა პოლონელმა კოლეგებმა განაცხადეს უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის შესახებ. ვფიქრობ, ესმით, რაზეც საუბრობენ. ეს იქნება რუსეთისა და ნატო-ს შეიარაღებული ძალების სწორედ ის პირდაპირი შეტაკება, რომლის არიდება ყველას არა მარტო უნდოდა, არამედ ამბობდნენ, რომ არასოდეს უნდა მომხდარიყო. პოლონეთის წარმომადგენლები ცნობილნი არიან თავისი არასტანდარტული სვლებით, რომელიც მიმართულია დიდი უბედურების პროვოცირებისკენ და არ გამოვრიცხავ, როდესაც ისინი სამშვიდობო ძალებზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ მათ საზღვარს უკრაინის დასავლეთით.

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ თავშეკავება, ჩვენი პოზიცია ნათელია, მკაფიოდ წარვადგინეთ ჩვენი მიდგომები მოლაპარაკებებში“, – განაცხადა ლავროვმა.

ასევე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მანჰეიმში გერმანულ სატვირთო ვაგონებზე აშშ-ის არმიის ათობით ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ემ 2 ბრედლი“ იტვირთება.

აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, 405-ე არმიის საველე მხარდაჭერის ბრიგადას გერმანიაში დისლოცირებული ჯარისკაცებისთვის ავტომობილები და სამხედრო აღჭურვილობა გადააქვს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი