რუსეთში დაბლოკეს კიდევ ორი თავისუფალი მედიასაშუალება – Radio Liberty და Meduza. შეიზღუდა წვდომა BBC-ის რუსულ ბიუროზე.
''რადიო თავისუფლების'' ვებსაიტის გახსნა შეუძლებელია რუსეთის ტერიტორიაზე. მანამდე რედაქციამ მიიღო რამდენიმე შეტყობინება, რომელშიც რეგულატორის მხრიდან შესაძლო ბლოკირების შესახებ იყო ნათქვამი.
3 მარტს მიღებულ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურში აღმოჩენილია „არასანდო საზოგადოებრივი დანიშნულების ინფორმაცია, რომელიც ვრცელდებოდა, როგორც სანდო ინფორმაცია".
მანამდე, რუსეთის დამოუკიდებელმა ტელეარხმა „დოჟდ"-მა მაუწყებლობა შეაჩერა. გადაწყვეტილების შესახებ გუშინ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და არხის მფლობელმა ნატალია სიდნეევამ განაცხადა.
პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ დაიხურა რადიო „ეხო მასკვი“.
რუსეთში დაბლოკილი მედიასაშუალებების ნაწილი ტელეგრამზე მაინც აგრძელებს ინფორმაციის გავრცელებას.