მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, საიდანაც ჩვენსკენ რაკეტებს არ ისვრიან - ზელენსკი 

27 თებერვალი 2022, 12:34 3349 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდანაც უკრაინაში რაკეტები არ დაფრინავს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მინსკში მოლაპარაკებების გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინას თავს არ დაესხმებოდა.

„თქვენი ტერიტორიიდან აგრესიული ქმედება რომ არ მომხდარიყო, შეგვეძლო მინსკში გველაპარაკა. მოლაპარაკებების ადგილად სხვა ქალაქების გამოყენება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, გვინდა შეხვედრა, გვინდა ომის დასრულება. ვარშავა, ბრატისლავა, ბუდაპეშტი, სტამბული, ბაქო - ჩვენ შევთავაზეთ ისინი რუსებს. ნებისმიერი სხვა ქალაქიც გვაწყობდა - ქვეყანაში, რომლის ტერიტორიიდან რაკეტებს ჩვენკენ არ ისვრიან. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები და ომის დასრულება შესაძლებელი იყოს“,- განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში.

პრეზიდენტმა ბელარუს ხალხსაც მიმართა, სადაც დღეს რეფერენდუმი ტარდება. 

„გასული ღამე უკრაინაში სასტიკი იყო. ისევ სროლები, ისევ საცხოვრებელი უბნების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა. დღეს არ არის არც ერთი ობიექტი, რომელსაც ოკუპანტები დასაშვებ სამიზნედ არ განიხილავდნენ. ისინი იბრძვიან ყველას წინააღმდეგ, ყველა ცოცხალის წინააღმდეგ, საბავშვო ბაღების წინააღმდეგ, საცხოვრებელი სახლების წინააღმდეგ. ისინი იყენებენ რეაქტიულ არტილერიას, რაკეტებს მთელი საქალაქო რაიონების წინააღმდეგ, სადაც არასდროს არავითარი სამხედრო ინფრასტრუქტურა არ ყოფილა. ვასილკოვი, კიევი, ჩერნიგოვი, სუმი,ხარკოვი – ბევრი სხვა უკრაინის ქალაქი ცხოვრობს ისეთ პირობებში, რომელიც ბოლოს იყო ჩვენ და თქვენ მიწაზე მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ომში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, თქვენ ჩვენ მხარეს არ ხართ. თქვენი ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციის ჯარები უკრაინის მიმართულებით რაკეტებს ისვრიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში