საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად - ცესკო

30 ოქტომბერი 2021, 09:32 895 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს. უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები.

"ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები - კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა იოსელიანმა.

არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის - მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში