მესამე დღეა გარესამყაროს მოწყვეტილია შუახევში, სოფელ ცხემლისში, დარგულას უბანში მცხოვრები 15-მდე ოჯახი.
მოსწავლეებს სკოლამდე მისვლა საცალფეხო ბილიკებით უწევთ. გზის ამ მონაკვეთზე ძლიერი წვიმების შედეგად ქვის ლოდები ჩამოწვა. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერიტორიის გასაწმენდად ლოდების აფეთქებაა საჭირო.
შუახევში მეწყერი განვითარდა ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების საავტომობილო გზაზეც. ასევე ჩაკეტილია მოძრაობა ქედაში, სოფელ სიხალიძეებში. ორი სოფლის 50 ოჯახი აქ შემოვლითი გზით სარგებლობს, რომელიც არსებულზე ორჯერ გრძელი და რთულად გასავლელია.
გუშინ აღდგა მოძრაობა ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას მიმართულებით. მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში, მესამე დღეა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გახსნას, დიდი მოცულობის მეწყრული კერები აფერხებს.