ვაშინგტონში პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, რომელსაც პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრები ყალბი დოკუმენტი, იარაღი და 500-ზე მეტი ვაზნა აღმოაჩნდა. დაკავებული ვირჯინიელი ეუსლი ალენ ბილერია. ის პოლიციამ შემოწმების მიზნით ერთ-ერთ საკონტროლო პუნქტთან გააჩერა. ბილერმა სამართალდამცველებს „არა ავტორიზებული ინაუგურაციის დოკუმენტი“ წარუდგინა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ავტომობილზე შემდეგი წარწერის სტიკერი იყო გაკრული – „თუ ისინი თქვენი იარაღისთვის მოვლენ, პირველ რიგში მათ თქვენი ტყვიები მიეცით“. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულს ვაშინგტონის ტერიტორიაზე იარაღის ტარების უფლება არ ჰქონია.
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შტატების პოლიციის სააგენტოები მოსალოდნელი შეიარაღებული საპროტესტო აქციების შესახებ გააფრთხილა. ვაშინგტონში 20 იანვარს ინაუგურაციის ცერემონიაზე აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ფიცს საზეიმოდ დადებენ.