უწყლობის გამო ცუდი სიზმრები ამიხდა, ჩვენი წყალი გადმოგსხმოდეთ - აქცია ქობულეთის მერიასთან 

30 ივლისი 2020, 16:29 2577 ნახვა

''უწყლობის გამო ცუდი სიზმრები ამიხდა'', ''დაგვესივნენ ტილები'', ''წყალი არ იყო სულიკო, ვერ ვნახე დაკარგულიყო'', ''ჩვენი წყალი გადმოგსხმოდეთ'' - მსგავსი შინაარსის ბანერებით მივიდნენ ქობულეთის მერიასთან ბუკნარის, მუხაესტატესა და ხუცუბნის მცხოვრებლები. ისინი სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

ამბობენ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში სასმელი წყალი გრაფიკით ან დაბალი ნაკადით მიეწოდებათ, არის შემთხვევები, როდესაც წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში გათიშულია. 

აქციის მონაწილეები ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

 

აქციის ორგანიზატორები "ახალი ლიდერების ინიციატივა აჭარის" წარმომადგენლები არიან. პრობლემის მოსაგვარებლად მერიას კონკრეტულ ვადას აძლევენ. თუ საკითხი დროულად არ მოგვარდება ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

აქციის მონაწილეებს ქობულეთის ვიცე-მერი გამოეხმაურა. ლევან ზოიძის თქმით, ისინი ხუთკაციან საინიციატივო ჯგუფს შეხვდებიან. ვიცე-მერმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ''აჭარისწყლის ალიანსი''  სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს მალე დაიწყებს, ის კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული იყო.

ლევან ზოიძის განმარტებით, სოფელ მუხაესტატეს წყლის სისტემის სარეაბილიტაციო პროექტი უკვე მზად არის და სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება. ოჩხამურის პროექტი კი რამდენიმე თვეში მოამზადებენ.  

რაც შეეხება ბუკნარს, ვიცე-მერი ამბობს, რომ აქ პრობლემა წყლის უყაირათო ხარჯვაა, რადგან მოქალაქეებს თვითნებურად აქვთ დაერთებული მილები მიწის ნაკვეთებთან, მას სარწყავადაც იყენებენ და წყლის მარაგი არ ყოფნით. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი