ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებულ 8 მარტის შეთანხმებაზე, პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში წერია, რომ ელჩები შეთანხმების ყველა ხელმომწერებს კენჭისყრაში მონაწილეობისა და ცვლილებების სრულად მიღებისკენ მოუწოდებენ.
''8 მარტის შეთანხმება იყო პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრთა დიდი უმრავლესობის მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება. პარლამენტი ემზადება რა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისთვის, რომლის შედეგად უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს საქართველოში, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ რჩება აზრთა სხვაობა შეთანხმების ერთობლივი განცხადების ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეთანხმებულ პირობას, რაც გულისხმობდა იმ ქმედებებზე რეაგირებას, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციად, კვლავაც ექნება კრიტიკული მნიშვნელობა მოახლოებული არჩევნების პერიოდში და მის შესრულებას უწყვეტად და ყურადღებით დავაკვირდებით.
მავდროულად, საქართველოს დემოკრატიული პროცესისთვის ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს ამ მნიშვნელოვან კენჭისყრაში მონაწილეობისა და ცვლილებების სრულად მიღებისკენ.
ამ ცვლილებებისა და განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის მიღება, რომელიც ითვალისწინებს ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს, ხელს შეუწყობს საქართველოს პროგრესს უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის ფორმირებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას; ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ეს მიღწევები საქართველოს დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ინტერესებშია'' - აღნიშნულია განცხადებაში.