უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ბოგლარკა ილეშის შეფასებით, მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი აბსოლუტურად უნიკალური ინიციატივაა. უნგრეთის წარმომადგენელმა პროექტის მნიშვნელობაზე თბილისში მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მე-11 მინისტერიალის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„ვიმედოვნებთ, რომ ის შეიძლება იყოს კარგი, პროგრესული მაგალითი ტრანსრეგიონული თანამშრომლობის კუთხით, რადგან უნგრეთი რჩება ერთგული, რათა კლიმატურ ნეიტრალიტეტს 2050 წლისთვის მიაღწიოს. სწორედ ამიტომ, უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება და მწვანე ტრანზიცია სამ ძირითად სვეტს ეფუძნება: ბირთვული ენერგია, მზის ენერგიის სიმძლავრის განთავსება და მწვანე ენერგიის იმპორტი“, – განაცხადა ბოგლარკა ილეშმა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფანი უნგრეთისთვის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ სტრატეგიული პროექტია და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ფონზე ის მომავალში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შეიძენს.
„ჩვენი აზრით, მწვანე ენერგია არსებითი იქნება მწვანე ტრანზიციისთვის, რადგან არა მხოლოდ რეგიონული მასშტაბით, არამედ გლობალურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და ის მნიშვნელოვნად გაიზრდება მომავალ ათწლეულებში ელექტრიფიკაციის გამო – როდესაც საქმე ეხება ტრანსპორტს, სამრეწველო განვითარებას ან გათბობა-გაგრილების სისტემებს“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა.
თბილისში გამართულ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მე-11 მინისტერიალში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, უნგრეთისა და რუმინეთის ენერგეტიკული უწყებების ხელმძღვანელებმა.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.