ქობულეთში მოქალაქეების თერმოსქრინინგით შემოწმება იწყება - მირიან ქათამაძე

12 აპრილი 2020, 01:49 2879 ნახვა

დღეიდან, 12 აპრილიდან, ქობულეთის რამდენიმე სოფელსა და ქალაქში მედიკოსები მოქალაქებს მასობრივად შეამოწმებენ - ინფორმაციას ქობულეთის მერი ავრცელებს.                 

მირიან ქათამაძე ამბობს, რომ მასობრვი თერმოსქრინინგი ჩატარდება და მოქალაქეებს ჯანმრთელობის შესახებ გამოკითხავენ,    მონაცემები კი ერთიან ბაზაში ასახება.      

„ჯადაცვის სამინისტროსთან ერთად ვიწყებთ თერმოსკრინინგს. ეს პროცესი გულისხმობს იმას, რომ ქალაქის მოსახლეობას და რამოდენიმე სოფლის მცხოვრებს  მედპერსონალი ჩაუტარებს თერმოსკრინინგს,  შეამოწმებენ ტემპერატურას, მოხდება ყველა იმ  დეტალის, ჩივილის, ანამნეზის დაზუსტება, რომელიც შეიძლება აწუხებდეს სხვადასხვა მოქალაქეს. შესაბამისად შეიქმნება ერთიანი საინფორმაციო ბაზა იმისათვის, რომ მომავალში არ გამოგვეპაროს რაიმე სახის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია" -  თქვა მერმა, რომელიც ქალაქის ქუჩების დეზინფექციის პროცესს ფეისბუქზე ლაივრეჟიმში გადასცემდა. 

აჭარაში, ე.წ ქობულეთის კლასტერიდან, 11 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსი 18 პირს აქვს დადასტურებული. თავდაპირველად ვირუსი დაუდგინდა ქალს, რომელიც ორი დღის განმავლობაში ბათუმის ორ კლინიკაში იმყოფებოდა, მანამდე კი ის სოფელ გვარაში იყო სტუმრად.

მოგვიანებით COVID-19 დაუდასტურდა მის 5 კონტაქტს, ისინი ინფიცირებულის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან.

გუშინ, 10 აპრილს კი ე.წ. ქობულეთის კლასტერიდან კორონავირუსზე დადებითი პასუხი 6 მოქალაქეზე მიიღეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

რამდენიმე წუთის წინ, ''ქობულეთის კლასტერს'' კიდევ 6 დადასტურებული შემთხვევა შეემატა, მათ შორის ერთი 10 წლამდე ასაკის ბავშვია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს ის პირები არიან, რომლებზეც ზედამხედველობა მიმდინარეობდა.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ქობულეთის სამ სოფელში და ქალაქ ქობულეთის რამდენიმე უბანში.

თუმცა ინფიცირებულთა სია ამით არ სრულდება, სავარაუდოდ, ქობულეთის კლასტერს უკავშირდება ბაღდათში დაფიქსირებული პირველი შემთხვევაც.

როგორც ცნობილია ახალგაზრდა მამაკაცი სტუმრად იმყოფებოდა მეუღლის ოჯახში, სოფელ გვარაში, სადაც ბოლო დღეებში ახალი შემთხვევები გამოვლინდა და ინფიცირებულებს შორის ერთ-ერთო ამ ოჯახის წევრია. ბაღდათის, სოფელ შუბანში ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 16 ადამიანია, კარანტინში კი 2 პირია გადაყვანილი.

ქობულეთში კი 150 პირის ეპიდზედამხედველობა გრძელდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი