დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პაციენტებს შეუძლიათ, თავად აირჩიონ, ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. უწყების ინფორმაციით, არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოში, „ნოვორაპიდი“ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რომ სამომავლოდ, მსგავსი გართულებები თავიდან იქნას აცილებული.
„მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა, თუმცა ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.