საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნის კანდიდატად აირჩიეს. პროცედურაში, ორგანიზაციის 53 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონკურენტებს შორის იყო რუსეთის ფედერაციაც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით, კენჭისყრისას, უმრავლესობამ, ხმა სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მისცა. ქვეყნის სახელით, აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილის ირაკლი სასანიას კანდიდატურა.
არჩევნები, კოპენჰაგენში, ევროპის რეგიონული კომიტეტის 75-ე სესიის ფარგლებში ჩატარდა და საქართველო, როგორც კანდიდატი, ფარული კენჭისყრის შედეგად დასახელდა. ნომინირებული კანდიდატების წარდგენა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე, 2026 წლის მაისში მოხდება, სადაც აღმასრულებელ საბჭოში წარდგენილი კანდიდატების საბოლოო დამტკიცების პროცედურა გაიმართება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სამი წლის ვადით ირჩევენ. მისი ძირითადი ფუნქციებია ჯანდაცვის ასამბლეის გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის განხორციელება, კონსულტაციების გაწევა და ზოგადად, მისი მუშაობის ხელშეწყობა.