ბათუმში covid-19-ის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

07 აპრილი 2020, 11:44 20574 ნახვა

​ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა და ის ორი დღის განმავლობაში, ორ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ქალს აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი და დიარეა. 

ნინო ნიჟარაძის განმარტებით, ამ ეტაპზე მისი ინფიცირების წყარო უცნობია. 

''60 წლამდე ასაკის პირია. მიმდინარეობს  კონტაქტების მოძიება და ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ინფექციის წყარო არ არის დადასტურებული. ყველა ახლო კონტაქტის მოძიება მოხდება. ბათუმში მაცხოვრებელია, რომელმაც გასული ორი დღის განმავლობაში ორ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მას არ ჰქონდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, - ცხელებით, რესპირაციული ჩვენებები.  ის აღნიშნავდა მუცლის ტკივილსა და დიარეას.  ემერჯენსში გაეწია დახმარება და ეჭვის მიტანის შემდეგ გადმოიყვანეს  მედალფაში დიაგნოსტიკისათვის.

ქალი  არ ცხოვრობდა კორპუსში, დეტალები არ მინდა გაჟღერდეს, რადგან სამუშაოები არ არის დასრულებული. ქალი ბოლო დღეების განმავლობაში ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში  იმყოფებოდა. იქაც მიდის კვლევები. ამის მოლოდინი იყო, ბათუმშიც და აჭარაშიც გვეყოლება პირები, რომლის  ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდება, ამიტომ თითოეული პირი სოციალურ დისტანცირებას უნდა შეეცადოს'' - თქვა ნინო ნიჟარაძემ. 

კლინიკა მედალფაში ამბობენ, რომ ქალს პნევმონია აქვს. ის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 7-ით გაიზარდა. მათ შორის ერთ-ერთი ბათუმში.  ბოლო მონაცემებით ქვეყანაში covid-19 195 მოქალაქეს აქვს დაფიქსირებული. კორონავირუსი უკვე დაამარცხა 39 მოქალაქემ.  გარდაიცვალა ორი. კარანტინის რეჟიმში - 4708, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 ადამიანი რჩება. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში