კერძო პირები და პოლიტიკური ჯგუფები ჩვენს მოქალაქეებს უცხოეთიდან დაბრუნებას სთავაზობენ - საგარეო უწყება 

27 მარტი 2020, 16:44 1674 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში დარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს თავი აარიდონ კერძო თუ პოლიტიკური ჯგუფების მიერ მიღებულ შეტავაზებას,  თითქოს დააბრუნებენ სამშობლოში. უწყებაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში საგანგებო მდგომარეობის გამო, რიგ ქვეყნებს უმკაცრესი შეზღუდვები აქვთ გადაადგილებაზე და შეთავაზებები სახიფათოდ ჟღერს.  

გთავაზობთ განცხადებას სრულად: 

"ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები და გარკვეული, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან და ამისთვის პირად მონაცემებს და კითხვარის შევსებას სთხოვენ .

მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა.

არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოგიწოდებთ სიფრთხილით მოეკიდოთ მსგავსი სახის შემოთავაზებებს და თქვენი მგზავრობის მარშრუტი დაგეგმეთ მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი არასასურველი გართულებები.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში