აშშ საელჩო: ვწუხვართ, რომ პარლამენტის დამტკიცებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომლებმაც ვერ წარმოაჩინეს ერთგულება მიუკერძოებლობისადმი​​

12 დეკემბერი 2019, 20:59 2362 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის.

„მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია.

ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო, საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.

სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყარეს კენჭი. პარლამენტმა წარდგენილი 19 კანდიდატიდან მხარი დაუჭირა 14 მათგანს, ხუთ კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში