ქობულეთის სანაპიროზე, ფიჭვნარის დასახლებაში, მიწიდან წყლის ძველი მილები ამოიღეს. ახალი წყლის მილები კი, ამ ტერიტორიაზე ახალგაყვანილია, ამიტომ აქ მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ძველი ლითონის მილების ჯართში ჩაბარება იგეგმება.
ვინ შეასრულა სამუშაოები, ამის გარკვევას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის უცნობია სამუშოების მწარმოებელი კომპანია.
„სამუშაოების შესახებ, ქობულეთის მერიის არც ერთი სამსახური ინფორმირებული არ ყოფილა,“- ქობულეთის მერიის პრესსამსახურში ჯერ ასეთი განმარტება გააკეთეს, მოგვიანებით კი გვითხრეს, რომ ძველი წყლის მილები მერიამ საკუთარი ძალებით ამოიღო და მათ ავტოფარეხში დასაწყობებას გეგმავს.