''ორმა ბანკმა ქვეყანა გადაჭამა და ხალხი ვალებიდან ვეღარ ამოდის'' - ბიძინა ივანიშვილი

25 ივლისი 2018, 00:00 1970 ნახვა

''ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ჭარბვალიანობასა და იუნისეფ-ის კვლევის შედეგებზე პირველი არხის ეთერში ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან კითხვები სწორედ ამ მიმართულებით ჰქონდა. 

''ერთ-ერთი ძირითადი მძიმე შეკითხვა, რაც მქონდა კვირიკაშვილთან მე პირადად, ამ შეხვედრის დროს და შეიძლება ძირითადიც დავარქვათ მას, სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა. ეს არ იყო შეცდომა, მე მას ჩავუთვალე ეს გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება იუნისეფ-ის კვლევის შედეგებს ''ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს მონაცემები მისთვის ტრაგიკული იყო. 

„ჩვენ იუნისეფ-ის კვლევის შედეგები ვნახეთ, რაც ჩემთვის იყო, პირდაპირ ვიტყვი, ტრაგიკული. ახლა აღარ მინდა დავამძიმო ჩემი მდგომარეობა და ტელემაყურებელსაც მოვუყვე, ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ხალხი იღებდა სესხს და არ იცოდა, როგორ მომსახურებოდა მას. ეს იყო ის, რასაც ორ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც პრემიერ-მინისტრი გახლდათ გიორგი კვირიკაშვილი, თვე არ გავიდოდა, რომ მისთვის არ შემეხსენებინა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბანკების თემას გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა. 

„ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც შეიძლება ვთქვათ, რომ მე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ბანკებმა გადაჭამეს, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური“. 

''ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გადაცემაში ''აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ გუშინ ისაუბრა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი