მსოფლიო გამოხმაურება სირიაზე

12 აპრილი 2018, 00:00 2327 ნახვა

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, მსოფლიო ლიდერები მწვავე განცხადებებს აკეთებენ. რას ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტი და რას პასუხობს მას თეთრი სახლის ადმინისტრაცია? კომენტარები გააკეთეს ასევე დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმაც

ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ თანამედროვე მსოფლიოში, რომელიც უფრო ქაოსური ხდება, საღი აზრი გაიმარჯვებს. კრემლის ლიდერის თქმით,  საერთაშორისო ურთიერთობები კონსტრუქციულ კურსს აიღებს და მსოფლიო სისტემა უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება. ,,პოზიტიურ, მომავალზე ორიენტირებულ დღის წესრიგს დავიცავთ და კაცობრიობის სტაბილური განვითარებისთვის ვიმუშავებთ."- დასძინა მან.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება მისი ამერიკელი კოლეგის მუქარას მოჰყვა, რომელმაც მოსკოვი გააფრთხილა, სირიაში ახალი სარაკეტო თავდასხმებისთვის მოემზადოს.

ამერიკისა და თურქეთის პრეზიდენტებმა კი სირიის კრიზისი სატელეფონო საუბრისას განიხილეს და მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. უწყების წარმომადგენლის განცხადებით, დონალდ ტრამპს სირიაში შესაძლო ქიმიური თავდასხმის საპასუხო კონკრეტული სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით არ აქვს. აშშ პრეზიდენტმა შესაძლო ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სირიასა და რუსეთს დააკისრა.

შეერთებული შტატები, გასულ კვირას სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საპასუხოდ ავია თავდასხმის ვარიანტებს განიხილავს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა. ჯიმ მეტისის თქმით, ამერიკასთან ერთად საპასუხო ვერსიებზე ვაშინგტონის მოკავშირეებიც მუშაობენ. კითხვაზე, გააჩნია თუ არა შეერთებულ შტატებს საკმარისი მტკიცებულება ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ამერიკის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.

ამერიკა სირიაზე საჰაერო იერიშების მიტანით იმუქრება, რადგან მიიჩნევს, რომ ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სირიის მთავრობამ გამოიყენა. ასადის ხელისუფლება და მისი მოკავშირე რუსეთი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

„ბოლო დღეების მოვლენებმა გვასწავლა, რომ ბოროტებისა და აგრესიის წინააღმდეგ წასვლა ყველა თაობის მისია და ვალია“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ასევე  მეორე მსოფლიო ომის გამოცდილება გაიხსენა, ისაუბრა ჰოლოკოსტზე და განაცხადა, რომ ახლა საჭიროა ირანის წინააღმდეგ ზომების მიღებაც იმ ბირთვული შეთანხმების გამო, რომელსაც თეირანმა ხელი მოაწერა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სირიისკენ ბრიტანული წყალქვეშა ნავების გაგზავნის ბრძანება გასცა. ტერეზა მეიმ დღეს ქვეყნის მთავრობის სხდომა მოიწვია, რომელზეც სირიაში სავარაუდო მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების საპასუხო ზომები განიხილეს. ტერეზა მეის განცხადებით, ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ქალაქ დუმაში შესაძლო ქიმიურ თავდასხმაზე სირიის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

სოფო ფუტკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში