ოპერაციის ფარგლებში თურქეთი არა ქურთებს, არამედ ტერორისტებს ებრძვის - ფატმა სერენ იაზგანი

25 იანვარი 2018, 00:00 2371 ნახვა

საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის განცხადებით, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ტერორისტული საფრთხის მოხსნამდე გაგრძელდება. მისი თქმით, ოპერაციის ფარგლებში დაცული იქნება სირიის ტერიტორიული მთლიანობა.

თურქი დიპლომატი აცხადებს, რომ ოპერაციის ფარგლებში თურქეთი არა ქურთებს, არამედ ტერორისტებს ებრძვის. ცნობილია, რომ დღეს თეთრი სახლის ლიდერმა მოუწოდა თურქეთს ქურთების წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტისკენ. საქართველოში თურქეთის ელჩმა აღნიშნა, რომ თურქეთს აშშ-თან კონფრონტაცია არ აქვს.  “აშშ ჩვენი მოკავშირეა ნატო-ს ფარგლებში. ჩვენ ნატო-ს წევრი ვართ და ძალიან ფუნქციონალური წევრი.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატო-ში, მაგრამ როდესაც ჩვენ მოკავშირეებს არ შეუძლიათ უზრუნველყონ ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა. არა კონფრონტაციას, არამედ დიდ შეცდომას აქვს ადგილი, რომელსაც ჩვენ არ ვუშვებთ. „სახალხო თავდაცვის ძალები“ ტერორისტული ორგანიზაციაა“, - აღნიშნა ელჩმა.

ამავე კატეგორიაში