ბელგიაში კორუფციის ბრალდებით დაკავებული ევროკავშირის ყოფილი მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს

43 წუთის წინ 58 ნახვა

ბელგიის პოლიციამ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი და ევროპის კოლეჯის მოქმედი რექტორი, ფედერიკა მოგერინი და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ყოფილი გენერალური მდივანი სტეფანო სანინო პატიმრობიდან გაათავისუფლა.

მოგერინი, სანინო და ევროპის კოლეჯის ერთი თანამშრომელი კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, იყო თუ არა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ დიპლომატიური აკადემიის მასპინძლობისთვის 2021-2022 წლებში გამოცხადებული საჯარო ტენდერი ევროპის კოლეჯის სასარგებლოდ გაყალბებული.

„ბრალდებები ეხება შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობას და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტს და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას. ისინი გაათავისუფლეს, რადგან მათი მხრიდან ქვეყნის დატოვების რისკი არ არსებობს“, - აღნიშნულია პროკურორის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  მოგერინი, სანინო და დაკავებული სხვა პირი უდანაშაულოდ ითვლებიან მანამ, სანამ სასამართლო მათ დამნაშავედ არ ცნობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში