საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერიის მეორე შეხვედრაში კანადის ნაკრებს ბათუმში უმასპინძლა და 38:17 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მატჩის დებიუტში აფციაურის მიერ დადებული ლელოთი გახსნეს, კანადელებმა სხვაობა ზუსტად შესრულებული ჯარიმით შეამცირეს, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ ტაიმის ბოლომდე კიდევ ორი ლელოს დადება შეძლეს. თავი თაფლაძემ და აფციაურმა გამოიჩინეს და შეხვედრის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა 17:3 მოიგეს.
მეორე ტაიმმაც ქართველი მორაგბეების უპირატესობით ჩაიარა, რომლებმაც მეტოქის ჩათვლის მოედანში კიდევ სამი ლელო დადეს, აბჟანდაძემ სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შემოდგომის ტესტების მესამე მატჩს საქართველოს ნაკრები 22 ნოემბერს თბილისში გამართავს – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი მორაგბეები იაპონიას უმასპინძლებენ, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.