ჩინეთი სხვა ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებისას არცერთ მესამე მხარეს არ ესხმის თავს - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარზე საპასუხოდ, რომ ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ.
პეკინში მასშტაბური სამხედრო აღლუმის დაწყებისას, თავის სოციალურ ქსელში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისადმი მისალოც პოსტში ტრამპმა ჩინეთი რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად აშშ-ს წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა აშშ-ს როლს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთის იაპონიაზე გამარჯვების უზრუნველყოფაში.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და იაპონიის დამარცხების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საპატიო სტუმრები რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი იყვნენ.