ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტისა და უკრაინაში სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის ფონზე ნატოს წევრი 32 ქვეყნის ლიდერი ჰააგაში ნატოს სამიტზე იკრიბებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონფლიქტები ალიანსის წევრების უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად იქცა, სამიტზე მათი დეტალური განხილვა არ იგეგმება. ამჯერად შეხვედრა თავდაცვის საკითხებს დაეთმობა.
სამიტის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა დიდი ხნის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობის საკითხი იყო. ამ ეტაპზე დაგეგმილია, რომ უკრაინის პრეზიდენტი მაინც ჩავა ჰააგაში.
ნიდერლანდების ხელისუფლებამ ნატოს ყველაზე ძვირადღირებული სამიტისთვის, რომელიც 183.4 მილიონი ევრო დაჯდა, უსაფრთხოების ყველაზე მასშტაბური ზომები მიიღო. ადგილობრივები ამას გადაჭარბებულადაც მიიჩნევენ.
სამიტის მონაწილეთა დასაცავად ოპერაცია „ნარინჯისფერი ფარი“ ამოქმედდა, რომელშიც საბრძოლო ვერტმფრენები, საზღვაო პატრული, 10 ათასზე მეტი სამხედრო და პოლიციელი, ბომბდამშენი რაზმები და საჰაერო თავდაცვის სისტემებია ჩართული.