აუცილებელია, კოლექტიურად უარვყოთ აშშ-ის და ისრაელის კონფრონტაციული ქმედებები - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

22 ივნისი 2025, 19:18 121 ნახვა

აშკარაა, რომ დაიწყო საშიში ესკალაცია, რომელიც რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის რისკს შეიცავს, - ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის დარტყმებს ირანის ბირთვულ ობიექტებზე.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, საგრძნობლად გაიზარდა კონფლიქტის გაფართოების რისკი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ისედაც მრავალი კრიზისით არის მოცული.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, რომ დარტყმები განახორციელა ქვეყანამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ამ ქმედების შედეგები, მათ შორის რადიოლოგიური, ჯერ კიდევ შესაფასებელია, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ დაიწყო საშიში ესკალაცია, რომელიც რეგიონული და გლობალური უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის რისკს შეიცავს. საგრძნობლად გაიზარდა კონფლიქტის გაფართოების რისკი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ისედაც მრავალი კრიზისით არის მოცული“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშმა მნიშვნელოვნად დააზარალა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და მასზე დაფუძნებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შემოწმებისა ავტორიტეტი. რუსეთის საგარეო უწყება საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობისგან სწრაფ, პროფესიონალურ და სამართლიან რეაქციას ელოდება.

„აუცილებელია, კოლექტიურად უარვყოთ აშშ-ის და ისრაელის კონფრონტაციული ქმედებები. მოვუწოდებთ აგრესიის შეწყვეტისკენ და ძალისხმევის გაძლიერებისკენ, რათა შეიქმნას პირობები სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიურ კალაპოტში დასაბრუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში