ეს ანდაზა არ არის, არც იგავი, არამედ ძველებური წესია: იქ, სადაც რუსი სამხედროს ფეხი აბიჯებს, ჩვენია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
პუტინის თქმით, რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია.
„მე უკვე ბევრჯერ ვთქვი, მიმაჩნია, რომ რუსი და უკრაინელი ხალხები ერთი ერია რეალურად. ამ თვალსაზრისით, მთელი უკრაინა ჩვენია“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთს ეჭვქვეშ არასდროს დაუყენებია უკრაინის სუვერენიტეტის საკითხი.
„სხვათა შორის, ჩვენ არასდროს დაგვიყენებია ეჭვქვეშ უკრაინელი ხალხის უფლება დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ რუსეთის ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის დაცვაზე.
„ჩვენი ქმედებები მიმართული იყო მოსახლეობის იმ ნაწილის დაცვაზე, რომელიც თავს სისხლისმიერად, სულიერად რუსეთთან დაკავშირებულად თვლიდა“, – განაცხადა პუტინმა.