აშშ უკრაინისგან იმ გაზსადენზე კონტროლის გადაცემას ითხოვს, რომლითაც ევროპას რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მათი ცნობით, აშშ-მა ეს მოთხოვნა უკრაინასთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ახალი ვარიანტის განხილვის ფარგლებში მოითხოვა.
სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა კიევს მოსთხოვა რუსული კომპანია „გაზპრომის“ გაზსადენზე კონტროლი აშშ-ის საერთაშორისო დაფინანსების კორპორაციას (DFC) გადაეცეს.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ 11 აპრილს ვაშინგტონსა და კიევს შორის დაწყებული მოლაპარაკებები „ანტაგონისტურ ატმოსფეროში“ მიმდინარეობს, რაც შტატების „მაქსიმალისტურ“ მოთხოვნებთანაა დაკავშირებული. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამ მოლაპარაკებებს „არსებითად ტექნიკური ხასიათის“ უწოდეს.