გასული ღამის განმავლობაში თურქეთში საპროტესტო აქციებზე 343 ადამიანი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელ X-ზე წერს, დაკავებები „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ თავიდან ასაცილებლად განხორციელდა.
"გუშინ, საღამოს სტამბოლში, ანკარაში, იზმირში, ადანაში, ანტალიაში, ჩანაქკალეში, ესქიშეჰირში, კონიასა და ედირნეში სტამბოლის მთავარი პროკურატურის გამოძიების ფარგლებში 343 ეჭვმიტანილი დააკავეს".
კორუფციასთან და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული სტამბოლის მერის, თურქეთის მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრის, ექრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები თურქეთის ქალაქებში უკვე სამი დღეა მიმდინარეობს.