კანადისა და ინგლისის ცენტრალური ბანკების ყოფილი ხელმძღვანელი მარკ კარნი კანადის ლიბერალური პარტიის ახალ ლიდერად აირჩიეს. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის. კარნიმ, რომელმაც ხმების 85,9% მიიღო, მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა ააშენებს უფრო ძლიერ ეკონომიკას, უზრუნველყოფს ძლიერ ურთიერთობებს სანდო სავაჭრო პარტნიორებთან და დაიცავს ქვეყნის საზღვრებს. მან ასევე ისაუბრა „სავაჭრო ომზე“, რომელიც დონალდ ტრამპმა კანადას გამოუცხადა.
კარნი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პასუხი ამ ზომებზე სწორი იყო. „ზომები ძალაში დარჩება იქამდე, ვიდრე შეერთებული შტატები არ შემოგვიერთდება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობისადმი სანდო და საიმედო ვალდებულებების აღებაში“ - განაცხადა მან. კარნი პრემიერ-მინისტრის ფიცს დადებს უახლოეს დღეებში, ჯასტინ ტრუდოს ოფიციალურად გადადგომის შემდეგ.
ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლა იანვარში დაიწყო მას შემდეგ, რაც თითქმის ათწლიანი მმართველობის შემდეგ ჯასტინ ტრუდომ თანამდებობა დატოვა.