თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს

28 თებერვალი 2025, 22:21 138 ნახვა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა.

„შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ ამ ქვეყნის უპატივცემულობაა“, - განუცხადა ტრამპმა ზელენსკის.

ტრამპის თქმით, ზელენსკი „მადლიერი“ უნდა იყოს.

უკრაინის ლიდერს „უპატივცემულობაში“ დასდო ბრალი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. პრეზიდენტებს შორის სიტყვიერი შეკამათება ჯეი დი ვენსის კომენტარმა გამოიწვია, რომ „ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიღწევის გზა არის დიპლომატია და ამ გზას მიჰყვება ტრამპი“.

ზელენსკიმ ვიცე-პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპაცია 2014 წლიდან დაიწყო. ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანეულ მაკრონთან და გერმანიის ყოფილ კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც მოაწერა ხელი, თუმცა ამის მიუხედავად, სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის ადმინისტრაციაში არაერთი ლიდერი შეიცვალა.

უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს არწმუნებდა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება დაარღვია და უკრაინელი ხალხი დახოცა. 

დონალდ ტრამპის თქმით, ის არ არის რომელიმე ერთი ქვეყნის მხარეს. ამასთან აღნიშნა, რომ შეუძლებელია, ცუდი რამ თქვას რუსეთის ლიდერზე, შემდეგ კი ტელეფონი აიღოს და ვლადიმერ პუტინს ჰკითხოს, როგორ მიდის სამშვიდობო შეთანხმება, რადგან შეთანხმების მიღწევა ასე არ ხდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი