გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის სამი წლისთავთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო. თავდაპირველად ასამბლეის წევრებმა კენჭი უყარეს უკრაინის მიერ წარდგენილ პროექტს, რომელიც მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს მოსკოვს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის ტერიტორიებიდან.
რეზოლუციის ამ პროექტს 93-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 18 იყო წინააღმდეგი და 65-მა თავი შეიკავა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის რეზოლუციის თანასპონსორი იყო ევროკავშირი. ამ პროექტს მხარი არ დაუჭირა აშშ-მა. ასევე, ამ რეზოლუციის პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა რუსეთმა, ისრაელმა, უნგრეთმა და ბელარუსმა. ამ რეზოლუციის კენჭისყრაში საქართველო არ მონაწილეობდა.
ამის შემდეგ, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ კენჭი უყარა რეზოლუციას სახელწოდებით „გზა მშვიდობისკენ“, რომელიც აშშ-ის ავტორობით იყო წარდგენილი. ამ დოკუმენტს მხარი ასევე 93-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა რვა ქვეყანა და თავი შეიკავა 73-მა სახელმწიფომ. ამ შემთხვევაში მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს შორის იყო რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სუდანი და სხვები. თავად უკრაინამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ასევე, თავი შეიკავა საქართველომ.
ეს რეზოლუცია მიიღეს მხოლოდ ასამბლეის მხრიდან შეტანილი შესწორებებით – დოკუმენტს დაემატა მკაფიო ფორმულირებები, რომ რუსეთი გაერო-ს ქარტიის დარღვევით შეიჭრა მის უფრო მცირე მეზობელ ქვეყანაში. გარდა ამისა, აშშ-ის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში გამოთქმულია მწუხარება „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დროს ადამიანების ტრაგიკული დაღუპვის გამო“, ასევე ეს რეზოლუცია „შეიცავს მოწოდებას კონფლიქტის სწრაფად შეწყვეტისკენ და შემდგომ მოწოდებას უკრაინასა და რუსეთს შორის მყარი მშვიდობის დამყარებისკენ“.