დასავლელი მოკავშირეების მხრიდან სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხების ფონზე, უკრაინა საკუთარი იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ დაიწყებს, – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ დავიწყებთ იარაღის წარმოებას მიწის ქვეშ, რათა უკრაინელმა ჯარისკაცებმა თავის დაცვა მაშინაც კი შეძლონ, როცა ჩვენი პარტნიორებისგან მოწოდება ფერხდება“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდისკენ, კიდევ ერთხელ, მოუწოდა.
„მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემებია, რათა გარანტირებული იყოს რუსული ტერორის უშედეგობა. მოგიწოდებთ, უფრო აქტიურები იყოთ ამ საქმეში, ჩვენთან ერთად, საჰაერო თავდაცვის კუთხით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინას ომი, თანდათან, უკან, რუსეთში გადააქვს, რათა პუტინმა იგრძნოს ზეწოლა და დაიწყოს მშვიდობის ძიება.