პუტინი მუდმივად აფართოებს არსენალს, რომლითაც ის საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას ევროპაში. უნდა დავიცვათ თავი და ჩვენი ბალტიისპირელი პარტნიორები ამისგან, მათ შორის, შეკავების საშუალებების გაძლიერებით, - ამის შესახებ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ისაუბრა.
ბერბოკი გერმანიაში Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტების და სხვა შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემების დროებით განთავსებასთან დაკავშირებით, აშშ-სთან მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინს მოსკოვთან განსხვავებული ურთიერთობა სურს, მაგრამ, პუტინის რუსეთი ამჟამად ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის.
„მოსკოვი ჩვენს შეშინებას, ზეწოლას და ჩვენი საზოგადოების გაყოფას ცდილობს“, - ამბობს იგი.
ვაშინგტონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები გერმანიაში 2026 წლიდან პერიოდულად განთავსდება. ამ ნაბიჯის საპასუხოდ, კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთს „საკმარისი პოტენციალი აქვს ამ რაკეტების შესაჩერებლად“.