უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პარტნიორების, კერძოდ, აშშ-ის მიერ დამტკიცებული დახმარების პაკეტები უკრაინას სრულად და შეყოვნების გარეშე სჭირდება.
„დღეს მოვისმინე მთავარსარდალ სირკისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის, უმეროვის ანგარიში ჩვენი ძალების უზრუნველყოფაზე, პარტნიორებისგან მიწოდებებზე. მთავარსარდალმა და მინისტრმა, ასევე, მომაწოდეს ინფორმაცია პარტნიორებთან მათი კონტაქტებისა და ჩვენი მოლოდინების შესახებ. ჩვენ მადლობლები ვართ დამტკიცებული პაკეტების, თუმცა, ისინი გვჭირდება ბრძოლის ველზე სრულად, შეყოვნების გარეშე, რათა ყველაფერი, რაზეც ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ბაიდენთან, იყოს განხორციელებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მადლობელია ყველა პარტნიორის და მათ შორის, აშშ-ის მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, რომელიც დაეხმარა უკრაინას ხარკოვის საზღვრისპირა რაიონში სიტუაციის დასტაბილურებაში.
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას მიეცა შესაძლებლობა, საზღვრის მახლობლად გაანადგუროს რუსული სარაკეტო დანადგარები და იქ მობილიზებული რუსი ოკუპანტები.
„ხარკოვის წინააღმდეგ რუსული სარაკეტო ტერორის მნიშვნელოვნად შემცირება ადასტურებს, რომ ეს აბსოლუტურად რეალურია – ჩვენი ქალაქების დაცვა რუსული ბომბებისგან. ამიტომ, საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემები უკრაინისთვის – „პეტრიოტები“ და ეფ-16-ებისთვის ჩვენი მფრინავების მომზადების დაჩქარება და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ჩვენი იარაღის საკმარისად შორ მანძილზე მოქმედება – ეს არის ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.