უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს

16 ივნისი 2024, 17:39 328 ნახვა

უკრაინის მშვიდობის სამიტის მონაწილეებმა შემაჯამებელი კომუნიკე მიიღეს, რომელსაც, საქართველოსთან ერთად, 80-ზე მეტი ქვეყანა და ორგანიზაცია აწერს ხელს.

„ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი, ყოვლისმომცველი და კონსტრუქციული აზრთა მიმოცვლა საერთაშორისო სამართლის ნორმებზე დაფუძნებული, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევის გზებზე. კერძოდ, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას ძალის გამოყენების ან მუქარისგან თავშეკავების მიმართ, ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის პრიცნიპების, დამოუკიდებლობისა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის, უკრაინის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ტერიტორიულ წყლებში და ვადასტურებთ ვალდებულებას დავების მშვიდობანი გზებით მოგვარების მიმართ, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად.

 

საერთო ხედვა კრიტიკულად მნიშვნელოვან ასპექტებზე:

 

1. ბირთვული ენერგიის გამოყენება და ბირთვული ობიექტები დაცული უნდა იყოს. უკრაინული ბირთვული ელექტროსადგურები და ობიექტები, მათ შორის, ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური, უსაფრთხოდ და დაცულად უნდა ოპერირებდეს, უკრაინის სრული კონტროლის ქვეშ და საერთაშორისო ატომური სააგენტოს პრინციპებისა და ზედამხედველობის შესაბამისად. ნებისმიერი მუქარა ან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კონტექსტში, დაუშვებელია;

 

2. გლობალური საკვების უსაფრთხოება დამოკიდებულია უწყვეტ წარმოებასა და საკვები პროდუქტების მიწოდებაზე. ამასთან დაკავშირებით, თავისუფალი, სრული და უსაფრთხო სავაჭრო სანაოსნო მიმოსვლა, ისევე, როგორც შავი და აზოვის ზღვების პორტებზე წვდომა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. სავაჭრო გემებზე თავდასხმა პორტებში და მარშრუტის გასწვრივ, ისევე როგორც სამოქალაქო პორტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაუშვებელია. საკვების უსაფრთხოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს იარაღი. უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტები უსაფრთხოდ და თავისუფლად უნდა მიეწოდებოდეს მესამე ქვეყნებს;

 

3. ომის ყველა ტყვე უნდა გათავისუფლდეს გაცვლის გზით. ყველა დეპორტირებული და უკანონოდ გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი და უკრაინელი მშვიდობიანი პირი, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული, უნდა დაბრუნდეს უკრაინაში. მიგვაჩნია, რომ მშვიდობის მიღწევა მოითხოვს ყველა მხარის ჩართულობასა და დიალოგს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მომავალში გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ზემოთ ხსენებულ სფეროებში, ყველა მხარის წარმომადგენლის შემდგომი ჩართულობით. გაერო-ს ქარტია, მათ შორის, ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის პრინციპების დაცვა, საფუძვლად დაედება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას უკრაინაში“, – აღნიშნულია ერთობლივ კომუნიკეში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი