უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი და დიპლომატიური წარმომადგენლობები საგანგებო რეჟიმით მუშაობენ. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ სამინისტროს ცხელ ხაზს ტელეფონის ნომერზე 2 94 50 50 და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და საჭირო დახმარება უვიზო მიმოსვლის წესებთან და პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები. მინისტრის ინიციატივით, ევროპის ცალკეულ დედაქალაქებში, სადაც საქართველოდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება, საქართველოდან მიმავალ მგზავრებს აეროპორტში დახვდება საქართველოს საკონსულო დაწესებულების თანამშრომელი.