ტოქსიკოლოგ თემურ კობიძის განცხადებით, არც 2024 და არც მიმდინარე წელს ცრემლსადენ-გამაღიზიანებელი აირით მოწამვლის გამო, საქართველოში არც ერთი ავადმყოფი სტაციონარში არ მოთავსებულა.
როგორც მან BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა, ნოემბრის მოვლენების შემდეგ ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებს ძირითადად, ფიზიკური დაზიანების გამო მიმართავდნენ.
„ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ არც შარშან და არც წელს ტოქსიკოლოგების ასოციაციისთვის არავის მოუმართავს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს და არც უცხოელ კოლეგას. საქართველოს საავადმყოფოებში იყო მიმართვა, ოღონდ ეს მიმართვა იყო ძირითადად ფიზიკური დაზიანების გამო. ცრემლსადენ-გამაღიზიანებელი აირით გამო საავადმყოფოსთვის არავის მიუმართავს. ვამბობთ ოფიციალურ მონაცემებს, რომ საქართველოს სტაციონარებისთვის არ მიუმართავთ. მოწამლული ადამიანი მირბის საავადმყოფოში, ექიმებთან. ცრემლმდენ-გამაღიზიანებელი აირით მოწამვლის გამო, საქართველოში არცერთი ავადმყოფი სტაციონარში არ არის მოსული. მეც არ მინახავს და როგორც გავიგე, არც სხვებსაც. არის სტატისტიკის მონაცემებიც, ხომ ჯამდება საქართველოს სტაციონარებში ჰოსპიტალიზაციის მონაცემები. ეს ციფრები მოდის კონკრეტული ავადმყოფობის ისტორიიდან გამომდინარე“, - განაცხადა კობიძემ.
პრესკონფერენციაზე აღნიშნულ საკითხზე, ისაუბრა ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემაც.
„რაც აქციები მიმდინარეობს, ამ პერიოდის მანძილზე, არც ერთი პაციენტი ჩვენს კლინიკაში ოფიციალურად არ შემოსულა და იმ კლინიკებშიც არ არსებობს არც ერთი ტოქსიკოლოგის ჩანაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს იყო მოწამვლასთან ასოცირებული პრობლემა. მოგეხსენებათ, დარგის სპეციალისტმა უნდა შეაფასოს კონკრეტული პაციენტი, კონკრეტულ ადგილზე, თავისი ჩივილების გათვალისწინებით და თუ რაიმე სპეციფიური ან არასპეციფიური ლაბორატორიული კვლევები ამის შესახებ არსებობს, ამის საფუძველზე უნდა გამოვიდეს დასკვნა. ასე ზოგადად, რა ნივთიერებას რა შეუძლია, რისი გამოწვევა - შეიძლება ბევრ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ, კონკრეტულად რა ნივთიერებასთან გვქონდა საქმე, ასე მარტივი სადიაგნოსტიკო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ამ კუთხით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი პაციენტი კონკრეტულად არ მინახავს არც მე და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს, ტოქსიკოლოგს, მსგავსი დიაგნოზი არც ერთ შემთხვევაზე არ გამოუტანია“, - განაცხადა ეკა ქურდაძემ.
